თამარი მიზანდასახული, ხალისიანი და კრეატიული გოგონაა. გოგონა, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზე ფიქრობს. თუ მის ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებდნენ, მას „მებრძოლი“ ერქმეოდა.
მას შეუძლია საათობით ისაუბროს საყვარელ წიგნებზე და ოცნებობს, ერთი დღე თავის საყვარელ მწერლებთან ერთად გაატაროს. თავისუფალ დროს ხატავს, გატაცებულია არქიტექტურით და ძალიან კარგად უკრავს გიტარაზე.
თამარის ყველაზე დიდი ოცნება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და ამერიკაში ან ევროპაში სწავლაა. ამჟამად ის სენაკში ცხოვრობს და თავის სკოლაში კლასის მთავარი მოტივატორია.
ამ გზაზე თამარს გვერდით უდგას უსაყვარლესი და მოსიყვარულე ოჯახი. ჭკვიანი და მებრძოლი დედა, მამა, ორი პატარა დაიკო და ძალიან მაგარი ბებოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თამარი განვითარდეს და ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს.
ცხოვრებაში ყველაზე მეტად დების დაბადება და TOEFL-ის ოლიმპიადაში გამარჯვება დაამახსოვრდა, როცა ბებომ ახალი ტელეფონი აჩუქა. ცოტა ხნის წინ კი English Cup of Georgia-შიც გაიმარჯვა, სადაც ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.
ოლიმპიადის ორგანიზატორები თამარს თავად ვესტუმრეთ, პირადად გავიცანით და გადავეცით კუთვნილი პრიზები. ამ შეხვედრისას კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდით მის სრულიად ღირსეულ გამარჯვებაში.
„არა ომს, არა შიმშილს და არა სიძულვილს“
ზუსტად 10 წლის შემდეგ თამარი საკუთარ თავს შეხვდება და ჰკითხავს: „გახდი შენი თავის საუკეთესო ვერსია?“ მისი ხასიათით, ნიჭითა და ოჯახის ასეთი ზურგით, პასუხი აუცილებლად იქნება: „კი“.
